თბილისში გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გახსნა. ცნობილი ქართველი რეჟისორის ბიუსტი მისივე სახელობის სკვერში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ განთავსდა.
ბიუსტის გახსნას გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ. მისულ სტუმრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლემ და რეჟისორის მეგობრებმა მიმართეს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძის ღვაწლი, დედაქალაქისა და ქვეყნის წინაშე, ნამდვილად, იმსახურებს ამგვარ დაფასებას, მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი სიმბოლურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი გიგა ლორთქიფანიძის დამსახურება და მისი შრომა შეუფასებელია.
„დღეს ძალიან დიდი ადამიანის, საპატიო თბილისელის, უამრავი პრემიის ლაურეატის, უზარმაზარი ადამიანის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა. ეს არის სიმბოლური მისი შემოქმედებისა და მისი მოღვაწეობის დაფასებისა, რაც მან მთელი ცხოვრების მანძილზე გააკეთა ჩვენი დედაქალაქისთვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გიგა ლორთქიფანიძის შვილის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, ბიუსტის მარჯვანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსება სიმბოლურია და თავისი დატვირთვა აქვს.
„გარდა იმისა, რომ ჩემთვის არის ასეთი ძვირფასი, მე ვფიქრობ, რომ ქალაქს შეემატა შემოქმედების თვალსაზრისით ძალიან კარგი სკულპტურა“,- განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ. თბილისის მერიის იფორმაციით, გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა დაამზადა და დედაქალაქს საჩუქრად გადასცა.