რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი “AD BlACK SEE” ხვალ დაიხურება
უკვე მესამე დღეა, რაც ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი “AD BlACK SEE” მიმდინარეობს.
რეკლამის ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მასში მსოფლიოს 20 ქვეყნიდან მარკეტინგისა და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ტარდება სემინარები, ვორკშოპები და მასტერკლასები, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი და დარგობრივი სპეციალისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ რჩევები და ინსპირაცია მსოფლიოში აღიარებული ექსპერტებისგან. საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ასევე ტარდება კონკურსი ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს შორის. მონაწილეებს საშუალება აქვთ ჩაერთონ კულტურულ ღონისძიებებშიც.
ორგანიზატორების თქმით, წელს საქართველო პირველად მოხვდა მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის რუქაზე და საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “AD BLACK SEE” ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში სექტემბრის ბოლო კვირას ჩატარდება. ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 27 სექტემბერს დაიხურება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 27 სექტემბერი არის სოხუმის დაცემის დღე, დახურვის ცერემონია არ იქნება პომპეზური, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ყველა სხვა ქვეყანაში”,- აცხადებს ვატო ქავთარაძე, ფესტივალის დირექტორი საქართველოს მხრიდან.
“ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლის” პრეზიდენტის, მაიკლ კონრადის განცხადებით, იგი 50 წელია სარეკლამო ბიზნესს წარმოადგენს და კარგად იცის რეკლამის მნიშვნელობა ეფექტიანი მარკეტინგისა და კომუნიკაციის წარმართვისთვის.
“ეს ფესტივალი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული ბრენდებისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ ღონისზიებაზე მე ვნახე ადამიანები, რომლებიც არიან მოტივირებულნი და ორიენტირებულნი მაღალ ხარისხსა და სტანდარტებზე”,- აღნიშნა მაიკლ კონრადმა.