პატრიარქი ჩვილთა საყოველთაო ნათლობაზე 1 357 ბავშვს მონათლავს
პატრიარქის ნათლული კიდევ 1 357 ბავშვი გახდება, – ამის შესახებ “კვირას” საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან “ძლევაი” აცნობეს.
მათივე ცნობით, ჩვილთა საყოველთაო მე-40 ნათლობა 28 სექტემბერს , წმინდა ასურელი მამის იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 24 642 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
წინა, 39-ე საყოველთაო ნათლობა 22 მაისს, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისა და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.