პრობაციონერთა შორის 2015 წლის ჩემპიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდი გახდა

პრობაციონერთა შორის მიმდინარე მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამარჯვება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა მოიპოვა.
ჩემპიონ და ვიცე-ჩემპიონ თბილისის გუნდს თასი და შესაბამისი სინჯის მედლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ხულორდავამ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი არსოშვილმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა გადასცეს.
სპეციალური პრიზებით, ასევე, დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში ორ ეტაპად ჩატარდა. აღმოსავლეთ საქართველოში თბილისელმა პრობაციონერებმა იმარჯვეს, დასავლეთ საქართველოში კი წარმატებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა მიაღწია. შეჯიბრებაში ცალკე გუნდებად ასპარეზობდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ნაკრები და არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები. ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაცია „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ადმინისტრაცია, რომელმაც არასრულწლოვან პრობაციონერთა გუნდის სპორტული ფორმით ეკიპირება უზრუნველყო.
პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ატარებს სპორტულ ღონისძიებებს, რაც პირობით მსჯავრდებულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება. 2014 წელს ჩემპიონობა მინიფეხბურთში თბილისის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები