თინათინ ხიდაშელმა ზეთისხილის ბაღის გაშენებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით, წმინდა ლაზარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენებაში მიიღეს მონაწილეობა.
ბაღი ქართველი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის სახელობის იქნება და დღევანდელი აქციაც, სწორედ საქართველოს სახალხო არტისტის ხსოვნას მიეძღვნა.
თინათინ ხიდაშელმა ზეთისხილის ხე ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს დაღუპული, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის სახელზე დარგო.
„ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ეს სკვერი ბატონ რეზოს პატივსაცემად გაკეთდა და თავისთავად. იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ქალაქს აქვს, მორიგი სკვერის გაშენება მნიშვნელოვანია. ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ადამიანის სახელობის სკვერის გაშენებაში იღებ მონაწილეობას. ჩვენ გვახსოვს ის ხალხი, რომელსაც მთელი თაობების აღრზდაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი და მომავალ თაობებს ამ ადამიანების შესახებ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ. ამიტომ, ასეთი სკვერები, ქუჩის სახელები, მოედნები, ხიდების სახელები სწორედ ამას უწყობს ხელს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე რამდენიმე ასპექტში იყო სიმბოლური – ის ავღანეთში ქართველ ჯარისკაცის ტრაგიკულ სიკვდილსა და სოხუმის დაცემის დღეს ემთხვევა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და სასულიერო პირებმაც მიიღეს.