ხათუნა თოთლაძე ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართა.
ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორიც ევროკავშირის კულტურული დაწესებულებების გაერთიანებაა (EUNIC), 7-დან 14 წლამდე მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა ბავშვებს მრავალენოვანი თეატრალური წარმოდგენა შესთავაზეს. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ცეკვის სახელოსნოებში, სიმღერის მრავალენოვან კონკურსში, თამაშებსა და კონკურსებში. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2001 წელს დაარსდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით უკვე მესამე წელია, რაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, ქართული ენა წარმოდგენილია ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სხვადასხვა ქვეყანაში.