წელს „თბილისობა“ 17-18 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქში „თბილისობა 2015“-ის აღნიშვნის კონცეფციებზე იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, წელს “თბილისობა” 17-18 ოქტომბერს გაიმართება.
საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსს ია მაქაცარიასა და „თბილისობა 2015“-ის რეჟისორთან ერთად „თბილისობის“ კონცეფციები დეტალურად განიხილეს და თბილისობის დღესასწაულისთვის კონცეფციების კონკურსის გზით შერჩევის ახალი ტრადიცია დადებითად შეაფასეს.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ,,თბილისობის’’ დღესასწაულის სცენარი კონკურსის საშუალებით წელს პირველად შეირჩა.
„წლევანდელი ,,თბილისობა’’ თბილისელთა მაქსიმალური ჩართულობის თვალსაზრისით უნიკალურია.
,,როგორც ცნობილია, თბილისობა 2015’’-ის კონცეფციები კონკურსის გზით გამოვლინდა. გამარჯვებული პროექტის თანახმად, ,,თბილისობის’’ დღესასწაული ყოვეწლიურად გარკვეული თემით იქნება წარმოდგენილი. წელს მთავარი აქცენტი გარემოს დაცვისკენ იქნება მიმართული და ამასთან მოხდება ჩვენი დედაქალაქისთვის უძველესი კულტურული და სავაჭრო ფუნქციის აღდგენაც’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ „თბილისობის“ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 5 აგვისტოს გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობა 21 კონკურსანტმა მიიღო, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ 3 საუკეთესო გამოავლინა. პროექტების გაცნობისა და მათთვის ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემის საშუალება თითოეულ მოქალაქეს სურვილისამებრ შეეძლო. დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური გამარჯვებულ სამ კონცეფციას გააერთიანებს და სწორედ ამ კონცეფციებში მოცემული იდეების საფუძველზე მოხდება დღესასწაულის შემადგენელი ღონისძიებების დაგეგმვა. იქამდე კი სადღესასწაულო სცენარის საბოლოო ვერსიას საკრებულოს დეპუტატები განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავენ. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმოადგენლობითი ორგანოს წევრები, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, „თბილისობა -2015“ რეჟისორი პაატა ციკოლია, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები