გიორგი ქადაგიძე: რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა

რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, – აღნიშნული განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა.
როგორც ქადაგიძემ სასტუმრო “რედისონში” ბანკების მმართველთა კლუბის ღონისძიებაზე აღნიშნა, ამ პერიოდსა და ამ პირობებში რეზერვების ხარჯვა რეზერვების განიავება იქნება.
“ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების ხარჯვისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ პირობებში ეს იქნებოდა რეზერვების განიავება, მაგრამ ვინაიდან სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის გზავნილი ბაზრების მონაწილეებისთვის, რომ გარკვეულწილად სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის თავის მაქსიმუმზე. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და მომავალშიც თუ განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენს მიერ, ეს არის ამ ყველაფრის ნაწილი. ასევე კომბინაციაშია ყველა იმ ღონისძიებასთან, რომელიც უნდა განვახორციელოთ, როგორც ჩვენ, ასევე მთავრობამ”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
რაც შეეხება, ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობას, ქადაგიძე ამბობს, რომ მოკლევადიანი მერყეობები ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს, ნორმალურია.
“გრძელვადიან პერსპექტივაში, ან საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით, ჩვენ გვექნება ჯანსაღი და თანმიმდევრული პოლიტიკა. გვექნება ეკონომიკური კრიზისი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ პირველ ეტაპზე იქნება სტაბილური და შემდგომ იქნება გამყარების ტენდენცია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც უნდა გატარდეს მთლიანად სახელმწიფოში”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები