კარალეთში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა.
აქციის მიმდინარეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და სამედიცინო კლინიკა „გორმედის“ დირექტორი გია სვანაძე დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარი ადგილზე დააკვირდა სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების მიმდინარეობას და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო. უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები სოფელ კარალეთისა და კარალეთის დევნილთა ჩასახლების მოსახლეობას ჩაუტარდათ. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება „გორმედისა“ და დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანას” ექიმებმა გაუწიეს.
ზოგადი ქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, პედიატრი, რადიოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი მოსახლეობას შესაბამის გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში უტარებდნენ.
აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს პირველადი დახმარების მედიკამენტები და გლუკომეტრები უსასყიდლოდ გადაეცათ. ასევე, უფასოდ ჩაუტარდათ ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები.
გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ პაციენტს ესაჭიროებოდა კუჭის წყლულის სასწრაფო ოპერაცია და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკა „გორმედში“. ასევე კლინიკა გორმედში გადაიყვანეს პაციენტი, რომელსაც სტენტირების პროცედურა ჩაუტარდება.