თბილისში უკანონო ნაგავსაყრელის მეპატრონეები დაჯარიმდნენ
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განაგრძობს კონტროლს დედაქალაქის მასშტაბით სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა დედაქალაქის ათივე მუნიციპალურ რაიონში გეგმიური ინსპექტირება განახორციელა.
როგორც “თბილსერვის ჯგუფში” აცხადებენ, ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი სამართალდამრღვევი პირები „თბილსერვის ჯგუფმა“ მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა – კომპანია „ეკო-სტანდარტი,“ რომელიც დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებას ეწევა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს შპს „ეკო-სტანდარტს“ და სხვა სამართალდამრღვევ პირებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განმეორებით განხორციელდება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ – ზედამხედველობის სამსახური მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით ვალდებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს ინსპექტირება, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დარღვევებზე რეაგირება – მათი აღკვეთა და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.