აბანოთუბანში “თბილისი ფოტო ფესტივალი 2015” გაიხსნა
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი აბანოთუბანში (ლეღვთახევში) „თბილისი ფოტო ფესტივალი 2015“-ის რიგით მეექვსე გამოშვების გახსნას დაესწრო.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამაში, ტრადიციულად, 200-მდე ევროპელი, ქართველი და რეგიონალური ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი – ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასებისა და „ფოტოგრაფიის ღამის“ პროექტის ფარგლებში. „თბილისი ფოტო ფესტივალი 2015“-ის ძირითადიმ ხარდამჭერები, წელსაც, თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არიან.
“ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებლებს ძალიან ბევრი საინტერესო ექსპოზიცია ელის. „თბილისი ფოტო ფესტივალი 2015“ საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ გამოფენებით – ერთკვირიანი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ძალიან საინტერესო მასტერკლასები. დედაქალაქის მერია, ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თბილისელებისა და ვიზიტორებისთვის „თბილისი ფოტო ფესტივალი“ ერთ-ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება იქნება”,- განაცხადა მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა.
ექსპოზიციის კვირეულის პირველ დღეს,ღია ცის ქვეშ, გერმანელი, პოლონელი და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტი – “ომის შემდგომი ისტორიები ” გამოიფინა, ნამუშევრები მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.
„თბილისი ფოტო ფესტივალი 2015“ სტუმრებს მსოფლიო ფოტოგრაფიის ვარსკვლავების გამოფენებსაც სთავაზობს. 2015 წლის პროგრამაში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფოტო სააგენტოს „Magnum Photos“ ორი წევრის – ალექს მაიოლის და ანტუან დ’აგატას ექსკლუზიური გამოფენები იქნება წარმოდგენილი. ფოტო ფესტივალის საპატიო სტუმარი კი, წელს, მსოფლიოში ცნობილი ფოტო ჟურნალსიტების ჯგუფი „#DYSTURB“ იქნება.
ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება – “ფოტოგრაფიის ღამე”, ღია ცის ქვეშ ძველ თბილისში, 26 სექტემბერს გაიმართება.
სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2015 წელს ფოტო ფესტივალი რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივით ხვდება – კავკასიაში პირველი ფოტო წიგნის ბაზრობა„Tbilisi Photo Book“, 27 სექტემერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნება.
ფესტივალის პროგრამა საჯარო ლექციებსა და ფოტოგრაფებთან შეხვედრების დიდ სერიებსაც ითვალისწინებს.
„Tbilisi Photo Festival 2015“ 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.