ცენტრი “აფხაზეთი” დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად ორ პროექტს განახორციელებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, ცენტრი „აფხაზეთი“ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად ორ პროექტს განახორციელებს.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდება და დახმარებას 40-მდე მიგრანტი მიიღებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდში დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სამინისტროს თანამშრომლებმა ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
14 დაბრუნებულ მიგრანტს ჩაუტარდა ბიზნესის მართვის ტრენინგი, სადაც პოტენციურმა ბენეფიციარებმა მიიღეს ცოდნა სოციალური პროექტის ეფექტურად მართვის საფუძვლების შესახებ და მოამზადეს საპროექტო წინადადებები. პოტენციურ ბენეფიციართა შესაძლებლობების და რესურსების ადგილზე შეფასების მიზნით, ცენტრი „აფხაზეთის“ თანამშრომლებმა განახორციელეს საველე ვიზიტები, ადგილზე შეისწავლეს და შეაფასეს სოციალური პროექტების განხორციელების პოტენციალი.
შემოთავაზებული იდეები ითვალისწინებს სოციალური პროექტების განხორციელებას მომსახურების, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებში. საუკეთესო სოციალური პროექტების გამოვლენა მოხდება საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით.