ბურჯანაძესა და მატვიენკოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენა სურთ
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს და რუსეთში მყოფ საქართველოს ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურთ.
ეს ინიციატივა მათ პეტერბურგში, ქალთა ევრაზიული კავშირის ფორუმზე გაახმაურეს.
ამასთანავე, მატვიენკომ საქართველოსა და ნატოს დაახლოებით შეშფოთება გამოთქვა.
„ნატოსა და საქართველოს ასეთი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას ხელს არ უწყობს. ასევე სახეზეა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მატვიენკომ.
თავის მხრივ, ბურჯანაძემაც ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობას.
„გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ჩვენ ერთად ორმხრივ ურთიერთობებს ჩიხიდან გამოვიყვანთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები ისე მოგვარდება, რომ ორივე სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.