იოჰანეს დაუმამ გიგი გიგიაძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, იოჰანეს დაუმამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიგი გიგიაძეს, რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.
რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ, მინისტრის მოადგილესა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.
გიგი გიგიაძემ იოჰანეს დაუმას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს ნიდერლანდების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მთელ რიგ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სერიოზული პოტენციალის არსებობას გაესვა ხაზი.
იოჰანეს დაუმამ კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ახალ დონეზე აყვანას.
შეხვედრაზე ასევე, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.