ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს გაიხსნება
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს გაიხსნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს ჩაუტარდა.
შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 700 მეტრს შეადგენს.
„მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე 2 – ფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნული გზის მონაკვეთზე მეორე ფენა ასფალტის საფარი დაიგება“,- აცხადებენ მერიაში.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად ახორციელებენ.