გიორგი მარგველაშვილი: სწორედ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერნი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ავღანეთში გმირულად დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს, სრულიად საქართველოს და შეიარაღებულ ძალებს უსამძიმრებს.
მარგველაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება.
“მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. პირველ რიგში, მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და მადლობა ვუთხრა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ბიჭებს, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში, რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი და იმ ახალგაზრდებს, ვინც აქ, აეროპორტში ვნახეთ. მინდა, მათ ვუთხრა, რომ მათი ტკივილის გვესმის. შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობელნი ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის ეწევა და იმ სისხლისთვის, რომელსაც ის სამშობლოსთვის ღვრის. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერნი, ვიქნებით და მომავალშიც საქართველო გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება – აი, ასეთი ბიჭების ხარჯზე, და ისინი აღარ დაიღუპებიან. ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას” , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.