გერმანიამ საქართველოს დამატებით 156 მილიონი ევრო გამოუყო

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამატებით 156 მილიონი ევრო გამოუყო.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 24 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, დირკ შათშნაიდერმა განვითარების პოლიტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმს მოაწერეს ხელი.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ელჩმა, ბეტინა კადენბახმა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დადებათად შეაფასეს.
„სამთავრობო მოლაპარაკებების ხელმოწერა არის ერთ-ერთი აგური საქართველოს იმ სახლისა, რომლის მშენებლობაშიც მას გერმანია ეხმარება“, – განაცხადა ელჩმა.
საელჩოს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს გერმანულმა მხარემ თანხმობა განაცხადა 156,4 მილიონი ევროს გამოყოფაზე: 140 მილიონი ევრო ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობისათვის, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) ახორციელებს და 16,3 მილიონი ევრო ტექნიკური თანამშრომლობისათვის, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
გამოყოფილი თანხებით KfW ფინანსური სექტორის მხარდაჭერის პროგრამას 5 მილიონი ევროთი და ასევე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას 100 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით დააფინანსებს. გარდა ამისა KfW 34 მილიონ ევროს გამოყოფს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის.
გასული ორი წლის განმავლობაში KfW-ს ხელშეწყობით ქუთაისში მყარი ნარჩენების გარემოსა და კლიმატისთვის უსაფრთხო მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის პროგრამა წარმატებით განხორციელდა.
დაფინანსების შედეგად მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარების სფეროებში GIZ-ის მიმდინარე რეგიონული პროექტები გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები