კონფერენცია თემაზე: „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“ გაიხსნა

დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, გაიხსნა ICOM-ICLM-ის (ლიტერატურის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი) საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“.
საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია თანამედროვე მუზეუმების საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მიზნად ისახავს საქართველოს მუზეუმებში ქმედითი რეფორმის განხორციელების ხელშეწყობას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას და მათ ინტეგრირებას მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში.
კონფერენციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი უცხოელი ექსპერტი და ქართველი სპეციალისტი. მათ შორის არიან: ა. რიგოლი (იტალია), ა. კოჩუბეი (აშშ), გ. სოდერსტროენი (შვედეთი), ლ. ჯორდანი (გერმანია), ფრ. ჰეგნარ ფონ უბიში (ნორვეგია), ბ. ლაურერი (გერმანია), მ. მუნტალი (ესპანეთი), ა. მედნე (ლატვია), ე. მასტენიცა (რუსეთი), ვ. დელიკ-გოზზე (ხორვატია), გ. გაბრიელა (უნგრეთი), ტ.რიედლბაუჩოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ა. ბაირამოვა (აზერბაიჯანი) და სხვ.
კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ლიტერატურისა და მუსიკალური პროფილის მუზეუმების განსხვავებული როლის გაანალიზება და მათი მენეჯმენტის საკვანძო საკითხები; ვიზიტორთა მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესება; მუზეუმების მდგრადი განვითარება; უახლესი ინფორმაცია ლიტერატურისა და მუსიკის, მუზეუმების საქმიანობისა და კრეატიული განვითარების თანამედროვე მეთოდოლოგიების შესახებ. კონფერენცია 29 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები