ხათუნა გოგორიშვილი: “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის ხელფასი 27 ათასი ლარით განისაზღვრება
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის ხელფასი 27 ათასი ლარით განისაზღვრება.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვისას გოგორიშვილმა თანამდებობის პირთა ხელფასის, პრემიისა და სამსახურეობრივი სარგის რაოდენობებზე ისაუბრა.
“არ იცით, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ხელფასი 27 ათასი ლარია”, – აღნიშნა გოგორიშვილმა.
სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე მსჯელობენ, რომელიც თანამდებობის პირებისთვის პრემიების მიღებას ზღუდავს. ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილება 750 თანამდებობის პირს ეხება, პროექტის მიღების შემთხვევაში კი, 4,5 მილიონი ლარი დაიზოგება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე წარადგინა.