კახეთში, ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი დაფიქსირდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 24 სექტემბერს ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი – 7 100 ტონა დაფიქსირდა. 23 სექტემბერს ეს მაჩვენებელი იყო 6 722 ტონა.
მათივე ცნობით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს – 8 ათასამდე მევენახემ ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე ჩააბარა. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 35 მლნ ლარს მიაღწია.
25 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 57 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის, 24 ათას ტონამდე რქაწითელი, 25 ათას ტონამდე საფერავი, 1,7 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,7 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 20 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: ყვარელი – 11,2 ათასი ტ., თელავი – 10,5 ათასი ტ., სიღნაღი – 6,5 ათას ტ., ლაგოდეხი- 4,6 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 1,8 ათასი ტ., ახმეტა – 1,3 ათასი ტონა და საგარეჯო – 1,2 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 62 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 17 ღვინის საწარმო. რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს „ცხელი ხაზი“: 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები