გააგრძელებს თუ არა საქართველოში საქმიანობას “ჯეოსელი” – კომპანიაში განმარტება გაკეთდა

კომპანია „ჯეოსელის“ საქმიანობა, ინიციატივები და პროექტები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომპანიის საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, უფრო ხარისხიანი პროდუქტებით გაგრძელდება.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია „თელიასონერამ“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 17 სექტემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ ევრაზიის რეგიონში ოპერირების შემცირების, ხოლო დროთა განმავლობაში, მთლიანად დატოვების პროცესი უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება აღნიშნული პროცესის დასრულებას.
მისი თქმით, „თელიასონერას“ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის ოპერირებაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს, რადგანაც „ჯეოსელის“ საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
პაველ სმალინსკის განცხადებით, კომპანია კვლავინდებურად, გეგმის მიხედვით განაგრძობს მუშაობას და მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
„ჩვენ ორიენტირებული ვართ სტრატეგიულ ზრდაზე, ახალი სერვისებისა და პროექტების დანერგვაზე. მნიშვნელოვანია ქსელის გაფართოება და ერთობლივი შეთავაზებები. ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი მაღაზიების გახსნას. იგეგმება გრძელვადიანი ლიცენზიის შეძენა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეოთხე თაობის ქსელი გავაფართოვოთ“, – განაცხადა „ჯეოსელის“ გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმები იმაზე მიუთითებს, რომ „ჯეოსელი“ კვლავინდებურად, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია, რაც იმ პასუხისმგებლობით სავსე ბიზნესის წარმოების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც „თელიასონერა“ საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში ახორციელებდა.
ამასთან, როგორც პაველ სმალინსკიმ აღნიშნა, ამ ეტაპზე „ჯეოსელის“ პოტენციური მყიდველი ცნობილი არ არის, თუმცა „თურქსელმა“ გამოთქვა ინტერესი, რომ ევრაზიის ოთხ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეისწავლოს.
კითხვაზე, ზარალდებიან თუ არა „ჯეოსელის“ მომხმარებლები „თელიასონერას“ გადაწყვეტილების შედეგად, „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მომხმარებელი მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესებულ ხარისხს იგრძნობს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება და კომპანიის საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, უფრო ხარისხიანი პროდუქტებით გაგრძელდება.
„ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის მიმზიდველი იქნება. „ჯეოსელი“ რამდენიმე თვეში 20 წლის გახდება. ამ დროის განმავლობაში, ხელმძღვანელობის ცვლილება რამდენჯერმე მოხდა, მაგრამ ყველა ეს ცვლილება მასშტაბურ ინვესტიციებში გამოიხატა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ცვლილება კომპანიის მომხმარებელზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება და ისინი მხოლოდ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას იგრძნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები