“არიან ადამიანები, რომელთა შრომის ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურებაც მეტია, რაც არის”

არიან ადამიანები, რომელთა შრომის ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურებაც მეტია, რაც არის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ებანოიძე, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, პრემიების სისტემის გადახედვასთან დაკავშირებით.
ებანოიძე არ ეთანხმება უმრავლესობის წევრის, ქუცნაშვილის ინიციატივას, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ისედაც მობილიზებულია და მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გასწიოს.
“ჩვენნაირ მდგომარეობაში, როდესაც თითოეული ადმინისტრაციული ხარჯი ძალიან სერიოზულად ურტყამს ყველაფერს, ამ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებაც მობილიზებული და მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ხარჯი გასწიოს. არიან ადამიანები, რომელთა შრომის ანაზღაურება უნდა იყოს მაღალი და უნდა იყოს ხელშეწყობის საშუალება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურება რაც არის, ისიც კი ზედმეტია”, – განაცხადა ებანოიძემ.
ებანოიძემ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირა და დასძინა, რომ ყველაფერი კანონით ვერ დარეგულირდება და თუ რაიმეს რეგულაციაა საჭირო და აუცილებელი, მისი გრძელვადიანად დაგეგმვა უნდა მოხდეს. “ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიები უნდა გაიცემოდეს ისე, როგორც გარკვეული წლების წინ გაიცემოდა და ქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. თუმცა არ შეიძლება ჩვენ ყველაფერი კანონით ვარეგულიროთ”, – განაცხადა ებანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები