ხადური ქუცნაშვილს პასუხობს: მე მგონი, „ღია კარებს“ ვამტვრევთ
საქართველოს მთვარობა პრემიების სისტემის გადახედვას აღარ აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს გამოეხმაურა, რომელიც მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას ითხოვს.
როგორც ხადური აცხადებს, პრემიების სისტემა საკმაოდ მოწესრიგებულია და ცვლილებები არ იგეგმება. “მე მგონი, „ღია კარებს“ ვამტვრევთ, მინისტრების დონეზე პრემიების სისტემა მოწესრიგებულია, საჯარო სამსახურში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ შრომის ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ. მზად ვართ, ყველასთან კომუნიკაციაში შევიდეთ, მოწესრიგება არ ნიშნავს, რომ ადამიანებს პრემია არ უნდა მივცეთ, ვინც დაიმსახურა, ის პრემიას აუცილებლად მიიღებს,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება ქუცნაშვილის ინიციატივას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს, პირველი მოსმენით განიხილავს.