წიგნის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.
ორენოვან, ქართულ-რუსულ წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა.
წიგნის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაციას დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, პროექტის ავტორი, წიგნის რედაქტორი სალომე კაპანაძე, წიგნის ავტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.
„გზავნილები მომავლიდან“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.