დღეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება. 18:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „გილგამეში“, ხოლო 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელი სპექტაკლს „ქალაქი“ იხილავს.
კომპოზიტორ ტომას კრჟიჟანოვსკის მიუზიკლი „გილგამეში“, რომელიც პოლონური თეატრის „ქორეას“ მიერ იქნება წარმოდგენილი, უძველესი ეპოსის ორიგინალური, მუსიკალური ვერსიაა. ეს არის ეპიკური პოემის – „გილგამეშის“ მიხედვით შექმნილი პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებულია მივიწყებული აქადური ენის ხმოვანებით და ძველი შუმერების იდუმალებით მოცული კულტურით. წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებელი ისმენს ლეგენდარული მეფის – გილგამეშის ამბავს, რომელიც ცდილობს ამოიცნოს უკვდავების საიდუმლო. ნაწარმოებში თანამედროვე მუსიკის ელემენტები ერწყმის ახლო და შორეული აღმოსავლეთის მუსიკალურ ტრადიციებს. პოლიფონიური კომპოზიციები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ მითიურ სახეებს, რომელთაც მაყურებელი შორეულ და მივიწყებულ სამყაროში გადაჰყავთ – სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებით.
რეჟისორ ამიტ ულმანის სპექტაკლი „ქალაქი“ პირველი ებრაული მიუზიკლია, რომელშიც ებრაული რეპ მუსიკაა გამოყენებული. სპექტაკლი დეტექტივ ჯოს ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც სარა ბენეტი დაიქირავებს დაკარგული დის მოსაძებნად. მიუხედავად კრიტიკოსთა რადიკალურად განსხვავებული შეფასებებისა, ეს არის უწყვეტი მუსიკალური რბოლა სცენაზე, რომელიც მუსიკალურად ვიქტორ ჯონსონის ანსამბლმა შექმნა.
24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი სხვადასხვა თეატრში იხილავს ებრაულ, გერმანულ, ლიტვურ, ბრიტანულ, რუმინულ, პოლონურ, რუსულ, უნგრულ, ნორვეგიულ და უკრაინულ მსოფლიო შედევრებს, მრავალფეროვან და საინტერესო სპექტაკლებს.
ფესტივალის ფარგლებში, ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების დაგეგმვის მიზნით, სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ – მოეწყობა სემინარები, ვორქშოფები და შეხვედრები. ფესტივალის კლუბი ყოველ საღამოს ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლებს.
2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრამა, ამ დროისთვის, 12 თეატრის 13 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს „შოუქეისზე“ წარდგენილი ის 7 პრემიერა, რომლებიც 5 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის სხვადასხვა თეატრში გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით დაარსდა. 6 წლის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა არაერთ ქვეყანას: იტალია, რუსეთი, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვეცია, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი.