ორსაუკუნოვანი ჭადრისა და ბზის ხეივანი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს უმასპინძლებს

 1804-1840 წლებში დადიანებმა და მათთან დანათესავებულმა ფრანგმა დიდგვაროვნებმა -მიურატებმა ერთობლივად სალხინოში ააგეს საშემოდგომო რეზიდენცია, კარის ეკლესია და უნიკალური ორსართულიანი მარანი. რეზიდენციის მთელი ხიბლი მის ორსაუკუნოვან ჭადრისა და ბზის ხეივანშია. სწორედ სასახლის ამ ხეივანში, 2-4 ოქტომბერს პირველად საქართველოში გაიმართება კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“, რომელიც, ორგანიზატორების თქმით: „ღია ცის ქვეშ ყოველწლიურად უმასპინძლებს მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს“.

12022989_929040427145010_255362849_n„მე თავად  მარტვილიდან ვარ. იქ დავიბადე, დავამთავრე მუსიკალური სკოლა. მართალია, უკვე დიდი ხანია თბილისში ვარ, თუმცა სისტემატურად მიწევდა იქ ჩასვლა. წლების წინ, ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის  პერიოდში გადავწყვიტე, ჩემი მეგობრები ჩამეყვანა მარტვილში და  მცირე ტიპის მუსიკალური საღამოები თუ შეხვედრები გაგვემართა. ეს მცირე შეხვედრები შემდეგ გადაიზარდა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, სახელმწიფო კაპელის მასპინძლობით, კამერული მუსიკის საღამოც კი მოვაწყვეთ კულტურულ – საგანმანათლებლო ფონდ „დღეს“ ეგიდით. სწორედ, ამის შემდეგ, მომწიფდა  საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების იდეა“, – ამბობს ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი შიო აბრახამია.
ფესტივალის მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებას, და რაც მთავარია, აღდგეს სალხინოს სასახლეში მეოცე საუკუნემდე არსებული კულტურული სალონური საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიცია, რაც ფესტივალის უმთავრესი ამოცანაა. როგორც ცნობილია, ბოლო მასშტაბური ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო.
„გავეცანი სასახლის ისტორიას და გავიგე, რომ იგი მეცხრამეტე საუკუნეში მუდმივი კულტურული და სალონური ღონისძიებების შეხვედრის ადგილი იყო. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ დღეს რეზიდენცია საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაშია და სწორედ მათი ძალისხმევით სასახლე ყოველ ჩემს ჩასვლაზე უფრო და უფრო ლამაზდებოდა, რაც, პირველ ყოვლისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს  დამსახურებაა. ვიფიქრე, სასახლის ულამაზეს ხეივანში ჩატარებული კამერული მუსიკის ფესტივალი ყველაზე ლამაზი სანახაობა იქნებოდა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფესტივალს გვერდით დაუდგა. ალბათ, ეს პირველი პრეცედენტია, როცა საერთაშორისო მუსიკალური  ფესტივალი ტარდება მხოლოდ ადგილობრივ მეცენატთა და მოსახლეობის მხარდაჭერით. ეს დასაფასებელი და საინტერესო ფაქტია“, – ამბობს შიო აბრახამია.
ორგანიზატორთა მიზანია, ფესტივალი იქცეს ნამდვილ სანახაობრივ დღესასწაულად, სადაც გაცოცხლდება დადიანთა მმართველობის პერიოდში არსებული სასახლის ტრადიციები: რამდენიმე ეთნოლოკაცია თეატრალიზებულ-კოსტიუმირებული პერფორმანსებით, ხეივანში ფაეტონით გასეირნება; ამასთანავე, ფესტივალის დახურვაზე სასურველია დრეს კოდი საღამოს სამოსით.
პირველ ფესტივალში მონაწილეობენ: ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრი „არპეჯონე“, იტალიელ გიტარისტთა დუეტი „ბლანკო-სინაკორი“, პოლონური დუეტი კლასიკურ აკორდეონსა და ვიოლინოზე „დუო კაროლინა მიკოლაიჩეკი და ივო იედინეცკი“, არგენტინელი ვირტუოზი ბანდონეონისტი (გარმონი) მარსელო ნისინმანი, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდან „მირზოიან კვარტეტი“ (კომპ. ედვარდ მირზოიანის სახელის მატარებელი) და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან „ლალე“.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძეა და მარტვილის მუნიციპალიტეტი (გამგებელი ბატონი ალექსანდრე გრიგალავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ალექსი გაბისონია).

12025352_929040417145011_508434341_n ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი – კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფესტივალი იმართება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ფესტივალი უნდა გამოვიდეს. მუსიკალური თვალსაზრისით უმაღლეს შეფასებას მივცემ, რადგან ექვსი მონაწილიდან ხუთი უცხოელი შემსრულებელია, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. სამწუხაროდ, მარტვილში შემოქმედებითი და კულტურული ცხოვრება მკვდარი იყო და ეს ფესტივალი რეგიონს გამოაცოცხლებს.
თუ არ დაიწყე, ვერასდროს მიაღწევ იმას, რაც გინდა. საქართველოს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი მსმენელი ჰყავდა. ამ დამოუკიდებლობის პერიოდში ნაკლებად ზრუნავდნენ ქართული კულტურის განვითარებაზე, მოისპო სასწავლებლები, რომლებიც გვაწვდიდნენ კარგ მსმენელს. იმედი მაქვს, რომ ქართველებში ჩადებულია ხელოვნების სიყვარულის კოდი და ეს აუცილებლად გაღვივდება თავიდან. აუცილებელია მაღალი დონის მუსიკა მიაწოდო ახალგაზრდებს. ფესტივალზე ისეთი კოლექტივები ჩამოდიან, მუსიკაში ყველაზე გაუცნობიერებელ ადამიანსაც კი მოაჯადოვებს. უცხოელმა მუსიკოსებმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს, რადგან მათ საკონცერტო პროგრამები ერთი წლით ადრე გაწერეს, ჩვენ კი მზადება მხოლოდ ორი თვის წინ დავიწყეთ, მაგრამ ეს სამი დღე გვაჩუქეს. გარდა ამისა, ძირითადად, საკუთარი ხარჯებით ჩამოდიან და ჰონორარსაც არ იღებენ.
დღევანდელ რეალობაში საყურადღებო ფაქტია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი სრულად ფინანსდება (მხოლოდ) მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიზნესსექტორის ფინანსური მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ზრუნავენ საკუთარ კუთხეზე. სხვა რეგიონებისთვის კი მაგალითი უნდა იყოს“, – ამბობს ფესტივალის დირექტორი, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, აბონემენტის – 20 ლარი. „გვინდა მოსახლეობას საშუალება მივცეთ, ფესტივალს დაესწრონ და ასეთ დიდ მუსიკოსებს მოუსმინონ. ფესტივალს დაესწრებიან კრიტიკოსები და მუსიკისმცოდნეები, რომლებიც ფესტივალს პროფესიულ დონეზე შეაფასებენ. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ მარტვილი მართლა გამორჩეულია თავისი ბუნებით და გარემოთი. ამიტომ, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ მარტვილის ულამაზესი კანიონი და სამონასტრო კომპლექსი “, – ამბობს შიო აბრახამია.12032300_929040507145002_1303010111_n

ფესტივალის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: მარტვილის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, კომპანია შპს „მარტვილავტოგზა“, მარტვილის სამედიცინო ცენტრი „მკურნალი“, ,,მარტვილი წყალი გრილი“,  კომპანია ,,ვუდ ექსპორტი’’  სასტუმრო და  საბანკეტო დარბაზი ,,მარტვილი’’, კერძო  სკოლა ,,სხივი’’, მარტვილის სავაჭრო ცენტრი ,,ბუმი’’. აგრეთვე:  კარლო ბეჭვაია, კახა კვესელავა, ალექსანდრე ხურცილავა, ალექსანდრე ახვლედიანი, კობა ჯანაშია, გიზო ჩიხლაძე, აკაკი თოდუა, სოსო გვაზავა, ირინე გადელია, კოტე კოტია, დავით ციკოლია და როინ გვილავა, ფრიდონ ინჯია, რომელიც 25 სექტემბერს ახალ სასტუმროს „მარტვილი პალასი“ გახსნის და პირველი სტუმრები ფესტივალის უცხოელი მუსიკოსები იქნებიან,  ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატის“ მფლობელი მანანა გოგლიჩიძე; ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის  ბრენდები: „მიფასი“, „ბრავო რეკორდსი“.
საორგანიზაციო ჯგუფი: ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფონდ „დღეს“ დირექტორი ბექა ჯუმუტია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ჩანგიანი. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. კონსულტანტები: პიანისტი თათა ლიჩელი და მუსიკისმცოდნე მაია სიგუა.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“. ტელეკომპანიები: პირველი არხი, „ერთსულოვნება“, აჭარის ტელევიზია, „იმედი“.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები