გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: ვწუხვარ, რომ გიორგის სახელს ბოროტად იყენებენ
სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარების მოწოდებით გამოქვეყნებულ პოსტს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ ადგილი აქვს გიორგი ანწუხელიძის სახელის ბოროტად გამოყენების ფაქტს. მისი განმარტებით, საზოგადოებისთვის ანწუხელიძეების ოჯახს მსგავსი თხოვნით არ მიუმართავს. ჩიკვილაძე იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.
“ვწუხვარ, რომ ამის დაწერა მიწევს… ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა გიორგის სახელის ბოროტად გამოყენების ფაქტი. გაურკვეველი წარმოშობის ფეისბუქგვერდები, თითქოს ჩვენი ოჯახის დახმარების მიზნით, ფეისბუქის მომხმარებლებს ეუბნებიან, რომ თანხა ჩარიცხონ ბანკებში დარეგისტრირებულ ანგარიშებზე. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენს ოჯახს მსგავს სამარცხვინო ფაქტებთან კავშირი არ აქვს და არც ექნება… გიორგი და მისი ხსოვნა ამას არ იმსახურებს. იმედია, აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტები“, – წერს მაკა ჩიკვილაძე.
სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარების მოწოდებით ცრუ შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა. ფეისბუქგვერდზე სახელწოდებით: „ტკბილი ხარ შენ, უფალო“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია და დახმარება ესაჭიროება. გვერდის ადმინისტრატორი საზოგადოებას მოუწოდებს, თანხა მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხონ. პოსტს არაერთი გაზიარება და კომენტარი აქვს.
ეროვნული გმირის მეუღლემ დღეს „კვირასთანაც“ უარყო აღნიშნული ინფორმაციის ავთენტურობა. მისი განცხადებით, საბანკო ანგარიშიც და ტექსტში გაჟღერებული მოწოდებაც მათ ოჯახთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა. მაკა ჩიკვილაძის თქმით, ანწუხელიძეების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა შემთხვევით ნახა აღნიშნული მოწოდება და გვერდის ადმინისტრაციას მისწერა, რომ პოსტი აეღოთ ფეისბუქიდან. გვერდის ადმინისტრატორმა პოსტი წაშალა, თუმცა რამდენიმე დღეში იგივე ტექსტი კვლავ გაჩნდა მათ გვერდზე.
ჩიკვილაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ გიორგი ანწუხელიძის ოჯახს უკიდურესად უჭირს. მისივე თქმით, ის თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული და სათანადო ანაზღაურებას იღებს. ამასთან, უწყება გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ყოველთვიურად 1000 ლარს ურიცხავს.