ოთარ დანელია: თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ჩინეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი დიალოგი მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ჩინელ ჟურნალისტებს უმასპინძლეს. მინისტრებმა საქართველო-ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს, სტუმრებს სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა გააცნეს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინელი ჟურნალისტების თვალით დანახული საქართველო ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩინეთის მოსახლეობის ინტერესს გაზრდის.როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ჩინეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი დიალოგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჩინეთის ბაზარი ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით ერთ-ერთი სტრატეგიულია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა თხილის, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება. სოფლის დანელიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის კულტურის და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ქალაქ პეკინში ქართული ღვინის ხელშეწყობის ცენტრის გახსნაც.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის მხარე საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორსა და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თანამედროვე ახალი ინიციატივის „ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში.
ჯიღაურას ბაზაზე ჩინელი ჟურნალისტები ვაზის 400-ზე მეტ უნიკალურ ჯიშს, ვაზის მყნობისა და ნერგების გამოყვანის პროცესს გაეცნენ, ასევე, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ოთარ დანელიამ ჩინელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართული კულტურის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, 15-26 სექტემბერს ჩინური მედიის 28 წარმომადგენლისთვის მედიატური იმართება. ტურის ფარგლებში ძირითადი აქცენტი ღვინის ტურიზმზე კეთდება. ჟურნალისტებმა მოინახულეს კახეთის რეგიონი-წინანდალი, ყვარელი და სიღნაღი. ასევე, აჭარის რეგიონი (ბათუმი, გონიო, სარფი), დმანისი, გორი და მცხეთისა და თბილისის ისტორიული უბნები.
საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით, მსგავს მედიატურებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩინეთის მოსახლეობისთვის საქართველოს ისტორიულ-კულტურული ღირებულებების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს გაცნობა ჟურნალისტებისა და ფოტორეფორტიორების მეშვეობით ეფექტიანად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები