თეა წულუკიანი გიორგი კანდელაკს: ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემ პატივს – თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა

ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და დღესაც ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა. მე კიდევ იმიტომ ვარ მასზე უკეთესი, რომ თქვენ ხმას გაღებინებთ, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
გიორგი კანდელაკის კითხვები თეა წულუკიანისადმი ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ე.წ.კაბელების საქმეს; ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც დაგმო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან მიტინგების გამართვა, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაფართოების შეჩერება.
წულუკიანმა კანდელაკის კითხვებს არასერიოზული უწოდა.
“მე ძალიან მიხარია, რომ მობრძანდით და ალბათ, მმართველი კოალიციის არც ერთ წევრს, რომ დამინახა მოსული ვარ, არ გამოუჩქარია და არ მოვარდნილა, რომ დამანახეთ ჩემი საყვარელი იუსტიციის მინისტრიო, თქვენ ეს გააკეთეთ და მადლობა ამისთვის. მე თქვენს არასერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ცოტა საფუძვლიანი კითხვები დასვით ხოლმე. საზღვარგარეთ როდესაც ქვეყანას სახელს უტეხთ, საფუძვლიანი ინფორმაციები გააგზავნეთ. ამას მართლა გულისტკვილით გეუბნებით, იმიტომ რომ სადაც კი არ წავედი მივლინებით და მაღალი დონის შეხვედრები მქონია, ყველამ იცის თქვენი გვარი. ეს კარგია, მაგრამ როგორ იცის, იცით? ერთი მაღალჩინოსანი ერთი ქვეყნის რამდენიმე თვის წინ მეუბნება, რომ იმიტომ რომ აღარ მივიღო კანდელაკის იმეილები, იმეილის მისამართი შევიცვალეო და მეორე მაღალჩინოსანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მითხრა ორი თვის წინ, ამდენი რეფორმა თუ ჩაგიტარებია, ამდენი საქმე გიკეთებია, რატომ არ მითხარი, დავიღალე კანდელაკის ტყუილი იმეილების მიღებითო. დავიჯერებ, მერე გადავამოწმებ და აღმოჩნდება, რომ ტყუილს მწერსო, ამიტომ მოდი დავსერიოზულდეთ”, – მიმართა წულუკიანმა კანდელაკს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები