თეა წულუკიანი: მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე
“მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს რეფორმას, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სასამართლომ ბევრი უბედურება გაგვატარა“,-აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.
მინისტრის თქმითვე, ვენეციის კომისიამ „მკაცრი ხელის გამო“ გააკრიტიკა.
„პირველად პროექტში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ეწერა, რომ არჩევითი გახდეს სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ხოლო ის ვინც ამჟამად ბრძანდება სასამართლოს თავმჯდომარე, შეუწყდეს უფლებამოსილება და აირჩიონ ახალი.
თუმცა ამას მოჰყვა ჩემი ძალიან დიდი კრიტიკა ვენეციის კომისიისგან – როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური და მითხრეს, რომ მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრი ხელიც არ ვარგა. ამიტომაც, ფრანგები ამბობენ, რომ მხოლოდ უგონონი არ იცვლიან აზრსო და მე ეს გავითვალისწინე.
არ მომწონს მე თვითონ, მაგრამ გთავაზობთ, რომ ჩვენი მომავლისთვის, მართლაც, სჯობს ამ თავმჯდომარეებს დაუსრულდეთ ვადა, მომავალი თაობა მაინც მათ ალბათ კარგად არ გაიხსენებს და შემდეგ უკვე აირჩიონ მოსამართლეებმა თავიანთი თავმჯდომარეები”, -დასძინა მინისტრმა.