ნოდარ ხადური ბეტინა კადენბახს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის სამთავრობო დელეგაციას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრა თბილისში, სამინისტროში გაიამრთა და მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში არსებული საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში ხელმოწერის ცერემონია შედგა.
შეთანხმების ოქმს ხელი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, დირკ შათშნაიდერმა მოაწერეს. მოლაპარაკებების დროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე, სამომავლო გეგმები განიხილეს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები