იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებზე საქმეების ელექტრონული წესით გადანაწილების ინიციატივით გამოდის

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, მოსამართლეებზე საქმეები ბრმად, ელექტრონული წესით გადანაწილდება.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
“არ ვიცით, დღეს როგორ ნაწილდება საქმეები სასამართლოში. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სანამ სასამართლოს თავმჯდომარე თავისი თაგვით, ანუ „მაუსით“ არ დააკლიკებს კომპიუტერზე, რომ ამა და ამ მოსამართლემ განიხილოს ესა და ეს საქმე, ამ დროს მას არავინ არ უნდა ეკითხებოდეს, საქმე ვერ მოხვდება მოსამართლესთან. ეს იწვევდა წლების მანძილზე რას – მაგალითად, გირგვლიანის საქმეს იხილავდა ჩემია. როგორ მოხვდა ჩემიასთან გირგვლიანის საქმე, სდუმს ამაზე ისტორია, გვაქვს მხოლოდ გონივრული ეჭვები. მერე მან გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა, და ალბათ იმიტომ, რომ ასე გადაწყვეტდა, ამიტომ მოხვდა მასთან ეს საქმე”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, დღეს მართლმსაჯულების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ელექტრონულ მმართველობაშია.
„ყველა სამინისტროში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თვით რაიონებში, მუნიციპალიტეტებში, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ელექტრონული მმართველობა მკვიდრდება. მაგრამ სასამართლო იმიტომ, რომ ასეთი იყო ბატონი კუბლაშვილის ნება, არ წამოგვყვა ამ რეფორმირების პროცესში”, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის ინფორმაციითვე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ელექტრონული პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით ევროსაბჭოსთან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები