„ფაქტია, რომ პარტია „ქართული ოცნება“ უნდა „დაიფერთხოს“ და განახლდეს“

ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ექსპერტის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდში გადაყვანის არგუმენტი იყო ის აქტივობები, რომელიც მან ჩინეთის მიმართულებით განახორციელა.
ლაგაზიძის განცხადებით, მის შემცვლელად პარლამენტში დასახელებული დეპუტატებიდან პოლიტიკური წონის მხრივ ყველა თანაბარია, თუმცა, როგორც ექსპერტმა განმარტა, ეს არცთუ სახარბიელო თანამდებობაა იმდენად, რამდენადაც სწორედ უმრავლესობის ახალი ლიდერი იქნება ის, ვისაც ტვირთად არჩევნებისთვის ახალი საპარლამენტო სიის შედგენა დააწვება.
„მიმაჩნია, რომ ჩინეთის მსხვილ მოთამაშედ შემოყვანა საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ ბაზარზე ამ ხელისუფლების უდავო მიღწევაა და, როგორც ჩანს, საგანელიძის დაწინაურება ამით არის განპირობებული. საგანელიძემ, როგორც ჩანს, თავისი თავი პოლიტიკაში ამოწურა. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერად დასახელებულ კანდიდატებს, მათი პოლიტიკური წონა თანაბარია. საკმაოდ მძიმე ტვირთი დააწვება უმრავლესობის ლიდერს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, რადგან აქცენტი გადავა იმაზე, ვინ დარჩება და ვინ არა სიაში.
ფაქტია, რომ პარტია „ქართული ოცნება“ უნდა „დაიფერთხოს“ და განახლდეს. სხვაგვარად არჩევნების მოგება „ოცნებისთვის“ შეიძლება არ იყოს დაუძლეველი ამოცანა, მაგრამ იმ უმრავლესობას ვერ შეიყვანს, რა უმრავლესობითაც არის ამ პარლამენტში. საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას ის ჯგუფი, რომელმაც 2016 წლის არჩევნებისთვის სია უნდა შეადგინოს. სიაში, ერთი მხრივ, უნდა იყვნენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები. მათ უნდა ჰქონდეთ საზოგადოების მაღალი ნდობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამ სიის მიმართ იმედი დაბრუნდეს საზოგადოებაში“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს, საგანელიძის შემცვლელად ამ თანამდებობაზე რამდენიმე დეპუტატი სახელდება, მათ შორის არიან: ზვიად კვაჭანტირაძე, გია ვოლსკი, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები