თეა წულუკიანი: მოსამართლეს უნდა ჰქონდეს დიდი ხელფასი და პრემია

„მოსამართლეს უნდა ჰქონდეს დიდი ხელფასი და პრემია“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხზე მთავრობა იზრუნებს.
„მოსამართლეს უნდა ჰქონდეს დიდი ხელფასი და პრემია. როგორც კი ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მთავრობა, პირველ რიგში, იზრუნებს ამისთვის, რომ თქვენი ხელფასები და პრემიებიც, იმიტომ რომ გჭირდებათ, მაგრამ, რაც მთავარია, პენსიებიც იყოს მაღალი. ამაზე ჩვენ არ ვდაობთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი – თუკი იღებ კარგ ხელფასს, თუკი გაცვია მანტია, განიხილო საქმეც. ასეთი იქნება ჩვენი სასამართლოს თავმჯდომარეების მომავალი ბედი. ამის სანაცვლოდ სასამართლოს თავმჯდომარეებს ადმინისტრაციული ტვირთი ჩამოსცილდებათ და ეს სასამართლოს მენეჯერის ხელში გადავა. სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც რიგითებს შორის პირველი იქნება, საქმის განხილვის ვალდებულება ექნება“,- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს იხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები