თეა წულუკიანი: გირგვლიანის საქმის მოსამართლე და მისნაირები უნდა წავიდნენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, გირგვლიანის საქმის მოსამართლისთვის ირაკლი ადეიშვილისთვის სასამართლო უფლებამოსილება აღარ განეახლებინა, მიესალმება.
როგორც წულიკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, ადეიშვილი ის მოსამართლეა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი ბუჩქებზე წაიქცა და შემთხვევით გამოეჭრა ყელი. მინისტრის განცხადებით, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ.
“მინდა მივესალმო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ ბატონი ირაკლი ადეიშვილისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა წარგზავნილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად შემთხვევით გამოეჭრა ყელი. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეზე ძალადობის პოლიტიკა. მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება, დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან.
თავიდან, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, კოლიციაში აზრები გაიყო. ერთი ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ გირგვლიანის მოსამართლეები, მიშას მოსამართლეები, კუბლაშვილის მოსამართლეები სამაგალითოდ დაგვესაჯა, გაგვეშვა შინ ან ჩაგვესვა ციხეში. მეორე ნაწილი მხარს უჭერდა უფრო მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას, გარდაქმნის, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმირების და მოსამართლეებისთვის კარგი კანონების მიცემის პოლიტიკას, იმისთვის, რომ ჩვენ არ გაგვემეორებინა ის, რაც გააკეთა თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა, როდესაც ეგონა, რომ სასამართლოს რეფორმას ატარებს და რეფორმა დაარქვა ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები