დავით უსუფაშვილი: გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს
გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
“საქართველოსთვის, რომელიც მოსახლეობის მიხედვით მცირერიცხოვან ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, ჩვენი მოქალაქეების ბედი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისა, რომელიც სხვა ქვეყნებში გადიან, იქ ცხოვრობენ, შემდეგ მალე ბრუნდებიან ან არ ბრუნდებიან, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის მოქალაქეს, ადგილსამყოფელის მიუხედავად, მფარველობს. ამიტომ არის ბევრი თემა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოსა და მის მოქალაქეს შორის იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას ტოვებენ. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს. ბოლო აღწერის მონაცემებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მილიონნახევარზე მეტი მცხოვრებელი აღარ ცხოვრობს საქართველოში. ეს ის ციფრია, რომელიც განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მზრუნველობას ითხოვს”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
შეხვედრას, რომელიც საქართველოში მიგრაციულ პროცესებს ეძღვნება და ის მედიისთვის დახურულია, პარლამენტის პროფილური კომიტეტები, შესაბამისი სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების, საპატრიარქოს, ქართული ემიგრაციის, აკადემიური და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.