თეა წულუკიანი: მთავრობის მიზანია, ინსტიტუტები გააძლიეროს
“როდესაც ეს მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგით, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია, რითაც უზრუნველვყავით ის, რომ პოლიტიკა აღარ არის ჩართული ამ ორგანოს საქმიანობაში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ რეფორმის სწორი გზა კანონებით რეფორმაა.
„პირველი ნაბიჯი გადავდგით იმ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რასაც ჰქვია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნა, რომელიც პირზე და პირებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ არსებობს სისტემა, რომელიც ვერ იქნება შეცვლილი რომელიმე სხვა მთავრობის მიერ, რადგან ის არის აწყობილი, ფუნქციონირებს, არის ნეიტრალური და თავისუფალი პოლიტიკისგან“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე მტკიცებით, მთავრობის მიზანია, რომ გააძლიეროს ინსტიტუტები და ისეთი ინსტიტუტები დატოვოს, რომელსაც ვერ გადააკეთებს ხელისუფლებაში მოხვედრილი ცუდი მთავრობა.