ეკა ბესელია: სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს
უზენაეს სასამართლოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 14 მოსამართლეს შეადგენს, ახალი კანონპროექტით კი შემოთავაზებულია, რომ არანაკლებ 28 წევრისაგან შედგებოდეს – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
მისივე თქმით, სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი დამოუკიდებლობა და უნდა შეიქმნას სასამართლოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები. ამასთან, ბესელია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები გაუქმდება.
„მთელი ეს პაკეტი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, რომ სასამართლოს ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და შეიქმნას სასამართლოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები, მისი გამჭირვალობის უზრუნველყოფა. უზენაეს სასამართლოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 14 მოსამართლეა და შემოთავაზებულია, რომ არანაკლებ 28 წევრისაგან შედგებოდეს უზენაესი სასამართლო. ამასთან ერთად, შეიცვლება უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობა, უქმდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.