დავით ნარმანია განახლებულ 56-ე ბაღს ესტუმრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, განახლებული 56-ე ბაგა-ბაღი დაათვალიერა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღი, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მესამე ხარისხის ავარიულობის იყო, შესაბამისად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შენობა ერთი წლის წინ დაიხურა და 2014 წლის დეკემბრიდან გამაგრება-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
„როცა ჩვენ დედაქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ეს ბაღი დაგვხვდა მკვეთრად ავარიული, მესამე კატეგორიის დაზიანება იყო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად აღდგენითი სამუშაოები ჩაგვეტარებინა. ბაღი გამაგრდა, ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი, განახლდა სამზარეულოს ინვენტარი და ბავშვების სათამაშოები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თემურ თორდინავას განცხადებით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში გამაგრდა მძიმედ ავარიული შენობის საძირკველი და კედლები, ჩატარდა შიდა სარემონტო სამუშაოები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაკეთდა პანდუსები. დაზიანებული შენობის აღდგენის პარალელურად საბავშვო ბაგა-ბაღში ახალი ღობე მოეწყო.
56-ე საბავშვო ბაგა-ბაღში წელს 350-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ მომსახურებას.
თბილისში 20-მდე ავარიული ბაგა-ბაღია, რომელთა ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები ეტაპობრივად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები