მანანა კობახიძე: დავით საგანელიძის შემცვლელი უმრავლესობის ლიდერი უნდა იყოს და არა ერთი პარტიის
დავით საგანელიძის შემცვლელი უმრავლესობის ლიდერის პოსტზე არსებობს, მაგრამ კოალიცია ისევ მსჯელობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კოალიცია მრავალპარტიულია, ამიტომ უმრავლესობის ახალი ლიდერი არა ერთი პარტიის, არამედ მთლიანად უმრავლესობის ლიდერი უნდა იყოს.
“კოალიცია იმსჯელებს ახალ ლიდერზე. მოგეხსენებათ, კოალიცია მრავალპარტიულია, ამიტომ ამ შემთხვევაში, ეს პიროვნება უნდა იყოს არა ერთი პარტიის, არამედ მთლიანად, უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო მუშაობის ფორმატში კოალიციური ლიდერი, მე ვფიქრობ, რომ არსებობს ასეთი ადამიანი და არის გარკვეული მსჯელობები”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას ინფორმაციით, დავით საგანელიძის შემცვლელის კანდიდატურაზე უმრავლესობა შეიკრიბება და იმსჯელებს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ჩვენ შევიკრიბებით უახლოეს დღეებში, ამ საკითხზე საბოლოო მსჯელობა გვექნება და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. დისკუსიები შიგნით გვაქვს, მაგრამ რადგან ახლა დაჩქარდა ეს პროცესი, შესაბამისად, უმრავლესობა გადაწყვეტილებას მალე მიიღებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გუშინ დაინიშნა.