ოთარ დანელია ჩინეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელი „სუოლუნ ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ძირითადი მიზანი ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის და ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა იყო.
შეხვედრაზე „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ ვრცლად ისაუბრა ჩინეთში გახსნილი ქართული ღვინის სახლის შესახებ, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერსის მზარდი დინამიკა არსებობს. შესაბამისად, „სუოლუნჯგუფის“ ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, ქალაქ ივუში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება.
„ამ პროექტით, ჩვენ გვსურს ჩინეთში წარმოვადგინოთ პატარა საქართველო, თავისი კულტურით, სოფლის მეურნეობის პროდუქციითა და ტრადიციული ქართული სამზარეულოთი“, – აღნიშნა შიაოჯინ იიმ. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ჩინეთში ქართული კულტურის სახლის გახსნის პროექტის განხორციელება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ცენტრების არსებობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ეს პროექტი ორმხრივად საინტერესო იქნება და კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ყურადღება ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პროდუქტზე გაამახვილა.
როგორც შეხვედრაზე ჩინელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, წლის ბოლომდე საქართველოდან ჩინეთში 100 ათასი ბოთლი ღვინის ექპორტი იგეგმება. სოფლის მეურნეობის სამინიტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები