გიორგი კვირიკაშვილი ლორან ფაბიუსს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა.
საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.
ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი საფრანგეთის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციისა და ვიზა – ლიბერალიზაციის პროცესში.
„საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო მრავალმხრივი დიალოგი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენ გვაერთიანებს, მათ შორის, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას, ჩვენ მივიტანეთ მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა საშინაო დავალება, რაც დაკავშირებული იყო ამ პროცესთან, ასევე მიგრანტების პრობლემამ, რაც არის ახლა ევროპაში და გამომდინარე ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან, არ უნდა იმოქმედოს ვიზა – ლიბერალიზაციის პროცესზე. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად მიიღო ეს გზავნილი. მან ასევე დადებითი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველომ გაატარა ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით“,-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.
ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლორან ფაბიუსს საფრანგეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.
ფრანგმა მინისტრმა დადებითად შეაფასა მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მიერ გაწეული კონტრიბუცია და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური ჩართულობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას.
მინისტრებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მკაფიო გზავნილი იყო, რომ საფრანგეთი გაცილებით მეტ პოტენციალს ხედავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“. ამ კონტექსტში მინისტრებმა ისაუბრეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) შემდგომ თანამშრომლობასა და ახლო მომავალში, საქართველოში სააგენტოს ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას და სხვადასხვა ბიზნესპროექტების განხორციელებას.
საქართველოს ვიცე-პრემიერის საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთს 2015 წლის 22-23 სექტემბერს ეწვია.