2013-2014 წლებში 51 ახალი ხიდი აშენდა
2013-2014 წლებში 51 ახალი ხიდი აშენდა, აქედან 31 ხიდი ჩქაროსნული გზატკეცილების მონაკვეთებზე აიგო. ამავე პერიოდში რეაბილიტაცია 88 ხიდს ჩაუტარდა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უწყება ქვეყნის რეალური განვითარებისთვის მუშაობს, რადგან, მისივე თქმით, გზა ქვეყნის ძლიერების საწინდარია.
“გამოვიკვლიეთ და გამოვცადეთ გასული საუკუნის დასაწყისში აშენებული 55 ხიდი, მათ 25 წელია არ ჩატარებიათ გამოცდა, არ შემოწმებულა მათი მედეგობა და უსაფრთხოობა. ხიდების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესი აქტიურად გრძელდება 2015 წელსაც. მხოლოდ ჩქაროსნულ მონაკვეთზე 55 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის – საჩინოს ვიადუკის, რომლის საერთო სიგრძე 1180 მეტრია. ამჯერად ქვეყნის ძირითად საავტომობილო გზებზე 50-მდე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო 26 ხიდის გამოკვლევა-გამოცდა უკვე დასრულდა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის არა მოჩვენებითი, არამედ რეალური და სტაბილური განვითარებისათვის, რადგან, ზუსტად ვიცი, რომ გზა და ხიდი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიული წარსული და ჩვენი სამშობლოს ძლიერების საწინდარია”, – აცხადებს მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.