ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება
პირველი მსხვილი ქართულ-ჩინური პროექტი – ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, ქალაქ ივუში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება.
პროექტის დეტალები „სუოლუნ ჯგუფის” წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გააცნეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართული კულტურის სახლი მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ის 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ხუთსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ქართული ღვინის საგამოფენო დარბაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტურიზმის კულტურა და საინვესტიციო პოტენციალი.
„ქართული კულტურის სახლი, რომლის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ ქალაქ ივუში, წარმოადგენს მთლიანად ქართულ კულტურას – ღვინიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით დამთავრებული. მოხარულნი ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში”, – განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ, რომელმაც ქართული სახელი, სანდრო დაირქვა.
კომპანიას, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩინეთში უკვე გახსნილი აქვს ქართული ღვინის სახლი, რომელიც წარმატებით მუშაობს. ხორციელდება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი ჩინეთში.
ქართული კულტურის სახლის პროექტს „სუოლუნ ჯგუფი” ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან” თანამშრომლობით განახორციელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ჩინეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში ინვესტირებით, ასევე – სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით არიან დაინტერესებულნი.