პატრიარქმა შინდისში საქველმოქმედო ფონდ „კალას“ დაფინანსებით აშენებული ტაძარი აკურთხა
გორის რაიონის სოფელ შინდისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაბრძანდა, სადაც ეკლესია და ტერიტორია აკურთხა. ტაძარი იმ ტერიტორიაზე აშენდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. სიტყვით წარდგნენ მეუფე ანდრია და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.
ღონისძიებას დაესწრნენ წმინდა სინოდის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.
პროექტ „შინდისის გმირების” ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ „კალას“ დაფინანსებით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და გადაღებულია დოკუმენტური ფილმი – „შინდისის გმირები”. 17 გმირის სახელზე აიგო ბრინჯაოს მონუმენტი.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი და რეჟისორი პროექტ „შინდისის გმირების” ავტორი ედმონდ მინაშვილია, რომელმაც საზოგადოებას დღეს კიდევ ერთხელ მოუთხრო შინდისის გმირების ისტორია.