ხვალ პარლამენტში გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომელიც გენდერული კვოტის გზით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს.
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი.
წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.
საკანონმდებლო წინადადების მომხსენებლები არიან კავშირ “საფარის” და “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)” წარმომადგენლები – ბაია პატარაია და ნინო ჯანაშია.
წინადადება, რომელსაც 9 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მომზადდა “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” (Tasq forsis) მიერ. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „გენდერული სამართლიანობა“, კავშირი „საფარი“, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „გენდერული სამართლიანობა“, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის – საქართველო“.