თინათინ ხიდაშელი: ჩვენ არასდროს ჩავერთვებით ომში “აფხაზეთთან” და „სამხრეთ ოსეთთან”
აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს შემადგენელი ნაწილები არიან და მუდამ ასე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ბრიტანულ გადაცემა HARDtalk-ში განაცხადა.
ხიდაშელმა უპასუხა ჟურნალისტს კითხვაზე: თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რა ფორმით იქნება აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს შემადგენლობაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ყველა ხელისუფლება აფხაზებისა და ოსების გულისმოგებას ცდილობს და არასდროს გამოოუცხადებს ომს აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს”.
“აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს შემადგენელი ნაწილები არიან და მუდამ ასე იქნება. საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აფხაზი და ოსი ხალხის გული მოიგოს. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობის ახლანდელი მიზანი ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება. არსებობს გამოცდილება, მაგალითი და საქართველო მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს. ჩვენ არასდროს ჩავერთვებით ომში აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ასევე კითხვაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, შეიცვლება თუ არა ურთიერთობები აფხაზეთთან , “სამხრეთ ოსეთთან” და რუსეთთან მიმართებით, მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველო ამ საკითხთან დაკავშირებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში იმყოფება. “აბსოლუტურად არა. საქართველოს ინიციატივით არასდროს ყოფილა ომი „სამხრეთ ოსეთისა“ თუ აფხაზეთის წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა, ნათელია. პირველი – ეს არის სტრატეგიული მოთმინება, მეორე – ნდობის ამაღლება”, – განაცხადა მინისტრმა.