სოფელ ხურვალეთის მცხოვრები პატრიარქს – ძალიან ცუდ დღეში ვართ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და ადგილობრივების გასაჭირი მოისმინა.
სოფელ ხურვალეთის ერთ-ერთმა მკიდრმა, დავით ვანიშვილმა პატრიარქს არსებული ვითარების შესახებ უამბო. მისი თქმით, მათ სოფელში ცხოვრება უწევთ, როგორც პატიმრებს. ძალიან ცუდ დღეში ვართ აქეთ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში. უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩვენგან ოსური სოფელი წინაგარაა. პურზეც და მარილზეც ამ სოფელში მივდივართ. თუმცა იქ რუსულ ფულს გვთხოვენ, საიდან უნდა მოვიტანო რუსული ფული, ჩვენ მხოლოდ პენსიას გვაწვიდიან ამ ღობიდან და ის ქართული ფულია. ლარით მარილსაც კი არ გვაძლევენ. ახლა ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, აქ რომ მოვედით და გესაუბრებით, საღამოს შეიძლება მოვიდნენ რუსები და ამის გამო პასუხი მოგვთხოვონ”, – განაცხადა უწმინდესთან საუბრისას დავით ვანიშვილმა.
პატრიარქმა 84 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, ჯვარი და სანთლები აჩუქა, ასევე ვერცხლის სამაჯურები წარწერით: “უფალი შეგვიწყალენ”, ასევე ოჯახს გარკვეული თანხაც გადასცა და სთხოვა, რომ მის მიერ ნაჩუქარი სანთლები ოჯახში ყოველდღიურად აანთონ. პატრიარქმა მავთულხლართების მიღმა მოქცეული ოჯახი დააიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. პატრიარქი ნიქოზს და შინდისსაც დღეს ეწვევა.