“ოცნების” წევრი, რომელსაც 70- ათასიანი კრედიტი აქვს აღებული, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა
,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ხვიჩა ჟიშკარიანი ,,თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს შეუერთდა.
როგორც „კვირას“ „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ხვიჩა ჟიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა.
ჟიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 31 აგვისტოს გადააყენეს. ჟიშკარიანი სხვადასხვა დროს სამეგრელოს რეგიონში იკავებდა მაღალ თანამდებობებს – 2012 წლის არჩევნების შემდეგ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შსს- სსახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი.
ასევე, იყო გუბერნატორის მოადგილე, საპრეზიდენტო არჩევნებში იკავებდა ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის პოსტს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა ქალაქ სენაკის მაჟორიტარულ არჩევნებში და გახდა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე.
არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახაბერ რუსია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ ხვიჩა ჟიშკარიანმა შეცვალა.
საკრებულოს 30 წევრიდან მის სასარგებლოდ ხმა 24-მა წევრმა მისცა, 4 კი წინააღმდეგი იყო. 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. ხვიჩა ჟიშკარიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ 2014 წლის 8 იანვარს დაინიშნა. მან ეს თანამდებობა მაისში დატოვა.
ხვიჩა ჟიშკარიანს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მან ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 11 მარტს შეავსო ქონებრივი დეკლარაცია. ხვიჩა ჟიშკარიანი მაშინ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პოსტს იკავებდა.
დოკუმენტის მიხედვით, ხვიჩა ჟიშკარიანს საცხოვრებელი სახლი და კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთი აქვს სენაკში და სენაკის რაიონში.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ სენაკის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე შპს „წიქარას“ დამფუძნებელია, ხოლო ამავე ორგანიზაციის დირექტორია მისი მეუღლე ნინო ხუნჯუა. აღსანიშნავია, რომ შპს „წიქარა“ სენაკშია რეგისტრირებული. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციიდან ცოლ-ქმარმა შემოსავლის სახით 2500 ლარი მიიღეს.
ხვიჩა ჟიშკარიანს „ლიბერთი ბანკიდან“ ხანგრძლივი ვადით 70 000 ლარი აქვს აღებული. მან კრედიტი 2024 წელს უნდა დაფაროს.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს, ხვიჩა ჟიშკარიანს ბანკში 14 658 ლარი ჰქონდა დაფარული.