გრიგოლ გიორგაძე ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიელ ხოშაბოს, დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის მიზანს, საქართველოს შესახებ, მე-12 კონსოლიდირებული ანგარიშისათვის დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.
გრიგოლ გიორგაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის ბინების განაწილების პროცესზე, რომელიც ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.
გრიგოლ გიორგაძემ ასევე ისაუბრა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით მასშტაბური მშენებლობების მიმდინარეობაზე ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში.
მინისტრის მოადგილემ ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი ფართი 10 000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
საუბარი ასევე შეეხო „სოფლად სახლის“ პროგრამას, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტს, რომელიც წელს პირველად განხორციელდა.
შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის მადლობა გადაუხადეს.